სემიპალატინსკის ბირთვული პოლიგონი
ლაშა ხიზანიშვილი
უკვე 30 წელია რაც ყაზახეთმა სემიპალატინკის ბირთვული პოლიგონი დახურა, თუმცა 1949 წლიდან 1991 წლამდე აქ 450 -ზე მეტი აფეთქება განხორციელდა. ბირთვული გამოცდების შედეგად, ათასობით ადამიანი დღემდეა დაავადებული. სემიპალატინსკში აფეთქებების მოწყობის პერიოდში, ბავშვები, ხშირად სხვადასხვა ფიზიკური დეფორმაციებით იბადებოდნენ.
1991 წელს საცდელი ადგილი დაიხურა. სემიპალატინსკის ბირთვული პოლიგონი იგივე სემიპალატინსკ 21 შემდეგ მოსკოვი - 400 ყველაზე დიდი და ძლიერი ბირთვული პოლიგონი იყო საბჭოთა კავშირში, თუმცა ხელისუფლება მის შესახებ ინფორმაციას მალავდა. 80-იან წლებში პერესტროიკით შეგულიანებულმა აქტივისტებმა ამ საკითხით დაინტერესება და მისი გამოაშკარავება დაიწყეს.
დასავლეთთან ბირთვულ კონკურენციაში ჩართულმა საბჭოთა სახელმწიფომ, საცდელი უბნის არსებობიდან 40 წლის განმავლობაში ამ ზონაში 500 მდე ტესტი, ანუ მსოფლიოში ჩატარებული ბირთვული გამოცდების ერთ მეოთხედზე მეტი ჩაატარა.მათ შორის ატომური და წყალბადის ბომბების, სახმელეთო, საჰაერო და მიწისქვეშა ბირთვული ბომბების, სხვადასხვა სიმძლავრის ტესტები.
1963 წელს საბჭოთა კავშირმა ინგლისთან და ამერიკასთან ერთად ბირთვული ტესტირების აკრძალვის შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომელიც სახელმწიფოებს უკრძალავდა ბირთვულ ტესტირებას ატმოსფეროში, ატმოსფეროს გარეთ კოსმოსსა და წყლის ქვეშ. თუმცა საბჭოთა კავშირმა
შეთანხმების გვერდის ავლით მიწისქვეშ მალულად გააგრძელა ბირთვული ტესტირება, სადაც 300-ზე მეტი ბირთვული ტესტირება ჩაატარეს.
სემეის პოლიგონზე გამოცდილი აფეთქებების ძალა მრავალჯერ აღემატებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ნევადის ე.წ. ზონა 51-სა და მარშალის კუნძულებზე გამოცდილი იარაღის ძალას. უკანასკნელი ტესტირება 1989 წლის 12 თებერვალს ჩატარდა და იმით დასრულდა რომ ატმოსფეროში რადიოაქტიულმა ინერტულმა აირებმა გაჟონა. ამის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა თემით დაინტერესება და დიდი საპროტესტო აქციები დაიწყეს. მოსახლეობა ითხოვდა ამ თემაზე საჯარო პასუხების მიღებას, თუ რა ზიანი მოჰქონდა აფეთქებებს. მოითხოვდნენ,რომ აფეთქებები შეწყვეტილიყო. მათი მცდელობა წარმატებით დასრულდა.
სემიპალატინსკის ატომური ტესტირების შედეგები
სემიპალატინსკის დახურვის შემდეგ, ყაზახეთის ახალგაზრდა სახელმწიფოს შეექმნა არაერთი კითხვა, რომელსაც გარკვეული გარემოებების გამო, იმ დროს არ ჰქონდა პასუხი - რა არის სემიპალატინსკი, რა საფრთხეს უქმნის ის ხალხს, რა მასშტაბის რადიოაქტიური დაბინძურებაა საცდელ ველზე და მის გარეთ.
რასაკვირველია, ასეთი გარემოებები მოიცავს იმ ფაქტს, რომ გამოცდის ადგილზე ყველა ტესტირება ჩატარდა სათაურით “საიდუმლო”, შესაბამისად ბირთვული ტესტების შედეგები არ გახმაურებულა. დახურვის შემდეგ, თითქმის ყველა მასალა იყო გატანილი. ამის გამო პოლიგონზე ბირთვული ცდების შედეგების შესწავლა სუფთა ფურცლიდან უნდა დაწყებულიყო.
რეგიონში მრავალი გენეტიკური დეფექტი და დაავადება, დაწყებული კიბოდან, ასაევე თანდაყოლილი დეფექტებითა და სხვა დეფორმაციებით, მიეწერება ბირთვული გამოცდების შედეგებს. ყაზახეთის ეროვნული ბირთვული ცენტრის (NNC) რადიაციული უსაფრთხოების და ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი ასან ადარხანოვი ამბობს, რომ პირველმა აფეთქებამ უზარმაზარი ზარალი გამოიწვია.
"პირველი ბირთვული გამოცდა რომ მოხდა სემიპალატინსკში, მსოფლიო ბირთვული ომის ზღვარზე იყო. ამიტომ პირველი აფეთქება განხორციელდა მიუხედავად გარემოებებისა. მიუხედავად ამინდის პირობებისა, რომელიც არახელსაყრელი იყო აფეთქების დღეს. წვიმა და ქარი იყო, რის გამოც რადიოაქტიური ღრუბელი პოლიგონის საზღვრებს გარეთ მოხვდა"

მომხდარი ავარიის დროს ყველაზე დიდი რაოდენობით გამოიფრქვა ამერიციუმ-241, მომწავლელი ნივთიერება. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ მაღალი მობილურობის გამო ის ადვილად ხვდება მიწისქვეშა წყლებში და ადამიანის სხეულში.


წყარო: Independent
სემიპალატინსკში მიმდინარე საქმიანობები სერიოზულ ზიანს აყენებდა დედამიწას, თუმცა საბჭოთა მთავრობა ისევე როგორც ზოგადად ასევე მსგავს კონკრეტულ თემებზეც მკაცრად აკონტროლებდა ინფორმაციის გავრცელებას. ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ 200 000-მდე ადამიანს, პრაქტიკულად, საცდელ ბაჭიებად იყენებდნენ ბირთვული იარაღის გამოყენების შედეგების საკვლევად.

ოფიციალურად დასახლებები არსებობდა მხოლოდ პოლიგონის ახლოს ქალაქ კურჩატოვში. ისინი სემიპალატინსკის სამხედრო ბაზას ემსახურებოდნენ თუმცა არსებობს ინფორმაცია რომ პოლიგონის ჩრდილოეთითაც არსებობდა დასახლებები და საბჭოთა სახელმწიფო მათ ერთგვარ საცდელ ობიექტებადაც კი იყენებდა. სხვადასხვა წყაროების მიხედვით რეგიონში მაცხოვრებელი მოსახლეობა ხშირად ავადდებოდა სხვადასხვა დაავადებებით როგორიცაა კიბო, ლეიკემია, იმპოტენცია და სხვადასხვა დაბადებიდან თანდაყოლილი დეფექტები, საბჭოთა კავშირი და ოფიციალური ყაზახეთი ამის შესახებ ინფორმაციას ყოველთვის მალავდა და ჯანმრთელობის პრობლემებს არახელსაყრელ სანიტარულ ბუნებრივ პირობებს მიაწრდნენ.
"ჩემი თანაკლასელებიდან და მეგობრებიდან თითქმის აღარავინაა ცოცხალიო, იხსენებს 50 წლის აიკენ აკიმბეკოვი - სოფელ სარჟალის მკვიდრი, იმ თაობის წარმომადგენელი, რომელსაც რეგულარულად უხდებოდა ცაში გიგანტური სოკოსებრი ღრუბლის ხილვა".
„გვეუბნებოდნენ, სახლებიდან გადით, გორაზე წადითო. მივდიოდით, იქ ვიდექით და ყველა ხედავდა, როგორ ირყეოდა მიწა, როგორ განათდებოდა ცაში ჯერ მზესავით, მერე კი სოკო ამოდიოდა“, - იხსენებს სემიპალატინსკის რეგიონის მკვიდრი, ზოია მიხაილოვა.”

ისტორიკოსი ვლადიმერ ოსკოლკოვი ამბობს, რომ საბჭოთა ხელისუფლებას სურდა მაქსიმალური სიზუსტით აღეწერა ექსპერიმენტის შედეგები, რისთვისაც ისინი ადგილობრივ მოსახლეობასა და საბჭოთა ჯარისკაცებს იყენებდნენ.
ადგილობრივი მელგიზ მეტოვი იხენებს როგორ მიჰყავდათ ისინი მიწისქვეშა აფეთქების საყურებლად. საბჭოთა ოფიცრებმა ყველაფერი იცოდნენ, თუმცა მათ არც არაფერს ეუბნებოდნენ და არც რაიმეს ეკითხებოდნენ, უბრალოდ მიჰყავდათ და აკვირდებოდნენ.

სემიპალატინსკის ყოფილ პოლიგონთან ახლოს დღესაც არსებობს სოფელი სახელად “ზნამენკა”. სოფელი დასახლებულია ადამიანებით რომელთაც არა მხოლოდ გაუგიათ სემიპალატინსკის შესახებ არამედ ექსპერიმენტის მონაწილენი იყვნენ და დამღუპველ შედეგებსაც საკუთარ თავზე გრძნობენ. ნაზიპა უზაკბაევა რომელიც 1960 წლიდან სემიპალატინსკთან ახლოს ცხოვრობდა იხსენებს თუ როგორ აიძულებდა საბჭოთა ხელისუფლება მათი აფეთქებების ყურებას. მათ საცდელი ბაჭიებივით იყენებდნენ და შესაძლო საფრთხეების შესახებ არც კი აფრთხილებდნენ. ნაზიპა დიდი ოჯახის წევრია და მათ საკუთარ თავზე გამოსცადეს ექსპერიმენტის ზეგავლენა. ის იხსენებს როგორ დაიღუპა მისი ქალიშვილი კიბოთი 33 წლის ასაკში, ასევე მისი 13 შვილიშვილიდან უმრავლესობა სხვადასხვა თანდაყოლილი დაავადებებით იტანჯება, ამ ყველაფერს სემიპალატინსკის მოვლენებს მიაწერენ.
სემიპალატინსკი დღეს
დღეს ქალაქ სემეიში არსებობს მუზეუმი სადაც მუტირებულ ადამიანისა და ცხოველების ჩანასახებს ინახავენ. ბირთვულ ნარჩენებს დღესაც პირდაპირი გავლენა აქვს რეგიონის მოსახლეობის როგორც ჯანმრთელობის ისე სოციალურ ეკონომიკურ მდგომარეობაზე. გენეტიკური დაავადებები, რადიაციის საშიშროება, რა თქმა უნდა,ხელს უშლის ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას, საბჭოთა სახელმწიფოს ბირთვულმა პროგრამამ დიდი დაღი დაასვა სემეის ისტორიას. ყაზახეთის მთავრობამ მილიონამდე ადამიანი სცნო დაზარალებულად სემიპალატინსკის მოვლენების მიერ, ამის გამო ისინი გარკვეულ დახმარებასაც იღებენ, თუმცა მოსახლეობისთვის ეს დახმარება არაფერია იმ ნეგატიურ შედეგებთან რაც მათ საბჭოთა ხელისუფლებამ დაატეხა თავს.
ყაზახეთის სახელმწიფო დღეს უკვე აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო საზოგადოებასთან ბირთვული უსაფრთხოების საკითხებში. ეს ჩანს 2021 წლის 27 აგვისტოს გამოქვეყნებულ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წერილშიც, რომელშიც ყაზახეთს მადლობას უხდიან 30 წლის თავზე დახურული ბირთვული სამხედრო პოლიგონისთვის, თანამშრომლობისა და მსოფლიოს ბირთვული უსაფრთხოების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.


ავტორი
ლაშა ხიზანიშვილი

This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website